საქართველოში ლუგარის ცენტრზე რუსეთის საგარეო უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ლუგარის ცენტრზე რუსეთის საგარეო უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთი ქართული მხარისგან პასუხს ელოდება ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტის შესახებ მიმართვაზე“.

„ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა იწვევს არა ერთ დასაბუთებულ კითხვას. ეს ბიოუსაფრთხოების მაღალი დონის ლაბორატორია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ არის აშენებული  და გამოიყენება მისი ინტერესებისთვის,  განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების პათოგენების შესასწავლად. ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედებს ამერიკული სახმელეთო სამედიცინო კვლევის დეპარტამენტი.

არსებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო უწყება და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს აფინანსებენ, ასევე იხდიან ხარჯებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას იქ განხორციელებულ ორმაგი დანიშნულების საქმიანობაზე – არც ბიოლოგიური და ტოქსინების აკრძალვის კონვენციის ფარგლებში და არც ორმხრივი არხების საშუალებით.

ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს ფაქტი არ იყოს გათვალისწინებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია ასეთ მგრძნობიარე ასპექტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა ბადებს სერიოზულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იცავს აშშ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს“.

„რუსი ჩინოვნიკები (მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებიდან) და საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა ბადებს სერიოზულ კითხვებს, თუ რამდენად იცავს აშშ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოლოგიურ ობიექტზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებაზე, როგორც განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების პათოგენების გამავრცელებლებზე.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებული კოღოების  გავრცელებისთვის უკვე დააპატენტა  უპილოტო საფრენი აპარატი. ამასთან, გაიცა პატენტი იმ ტოტალური ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილი საბრძოლო მასალისთვის. ცხადია, რომ ასეთი „გამოგონებები“ ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი ექსპერტების ჯგუფი 2018 წლის ნოემბერში ეწვია ლუგარის ცენტრს, თუმცა პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული ცენტრის საფუძვლიანი შემოწმება.

„რაც შეეხება ლუგარის ცენტრის რამდენიმე „შემოწმებას“, ჩვენთვის  მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას 2018 წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების ჯგუფი ეწვია, რომლის მიზანი იყო „გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ნდობის გაზრდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის  დებულებების დაცვით”. ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით (მათ შორის ვიზიტის მომზადების ეტაპზეც), რომ ეს ღონისძიება აშკარად ამ ობიექტის ნამდვილ სტატუსზე საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.  პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული ცენტრის საფუძვლიანი შემოწმება, რაც შესაძლებელს გახდიდა ობიექტურად შეგვეფასებინა, რამდენად შეესაბამება ლუგარის ცენტრი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის  დებულებებს ან დაადასტურებდა ქართულ განცხადებებში მოცემულ ნდობის აღდგენის ზომების შესახებ ინფორმაციას.

ექსპერტთა ჯგუფის სახელით გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მასპინძელი მხარე იყო „გამჭირვალე“ და ეს აშშ-თვის ხელსაყრელი  შეფასებებია. აღნიშნულია, რომ ვიზიტორებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. ცხადია, დამამშვიდებელი ფრაზები და სამეცნიერო აღწერილობები გამოიყენება მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად,  თუ რატომ ფინანსდება ქართული ჯანდაცვის სისტემის  ლაბორატორია აშშ-ს სამხედროების მიერ, ხოლო აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევების უწყება რატომ არის განლაგებული მუდმივ საფუძველზე ცენტრის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოხსენებაზე არ არის არც ერთი ხელმოწერა. როგორც ჩანს , მიზანი იყო „პასუხისმგებლობისგან თავის არიდება“ და ნამდვილი დამკვეთის და ამ დადგმული ვიზიტის ორგანიზატორების, ანუ აშშ თავდაცვის სამინისტროს ანონიმურობის დაცვა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ვიზიტი ლუგარის ცენტრში არანაირად არ არის გაერო-ს ან ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციასთან ასოცირებული. ამრიგად, ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებს არაფერი აქვთ საერთო მისი შედეგების შეფასებასთან. ნებაყოფლობითი ვიზიტი არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებად, რადგან კონვენციას არ გააჩნია საკუთარი ობიექტური შემოწმების მექანიზმი.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ვაშინგტონის ფარისევლურ პოზიციას, რომელიც ოფიციალურად მხარს უჭერს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის გაძლიერებას, მაგრამ ამავდროუალად, ორი ათწლეულის განმავლობაში აგრძელებს კონვენციის იურიდიულად სავალდებულო ოქმის მიღების დაბლოკვას. უცნობია, თუ რა უშლის ხელს შეერთებულ შტატებს,  დათანხმდნენ პროტოკოლით შემოთავაზებულ გადამოწმებას, თუ ლუგარის ცენტრი არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიქური იარაღის აკრძალვის კონვენციას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ლუგარის ცენტრში ვერ ხერხდება რუსი სპეციალისტების ვიზიტი და რუსეთი დღემდე ელოდება პასუხს ქართული მხარისგან“.

„ასევე ვერ ხერხდება რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში. ქართული მხარე ჯერ არსებითად არ რეაგირებს 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ჩვენს ნოტაზე, სადაც მოვითხოვეთ, მოგვაწოდონ ინსტრუქცია შესაძლო ვიზიტის მოდალურობის შესახებ. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში იქნება მიზანშეწონილი მხოლოდ ყველა ლაბორატორიული შენობის (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებული შენობების) დაშვების გარანტიების უზრუნველყოფის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს ცენტრის რეალურ გადამოწმებას. იმისათვის, რომ არ გავხდეთ მორიგი ამერიკული პიარ კამპანიის ნაწილი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ დამალოს აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტის ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვრებთან ახლოს განხორციელებული საქმიანობის ნამდვილი მიმართულება. ჩვენ ვთვლით, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა (ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის თანამშრომლების გარდა), ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. ეს საშუალებას მოგცემს, გავაკეთოთ მშვიდი ექსპერტული ანალიზი. გავაგრძელებთ ვაშინგტონთან და თბილისთან მუშაობას, რათა კითხვებზე გასაგები პასუხები მივიღოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.