გრიგორი კარასინი -  ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტზე ვერ შევთანხმდით
გრიგორი კარასინი -  ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტზე ვერ შევთანხმდით

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ განსხვავებული შეხედულებების გამო ვერ მოხერხდა ტექსტზე შეთანხმება.

„სამწუხაროდ, ტექსტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, რადგან მონაწილეებს  სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს იქ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ეყრდნობა სტატუსის საკითხს, 2008 წლის შეთანხმებებს, რომლებიც ასევე სხვადასხვანაირად ესმით თბილისში, ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში. ამიტომ მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მსოფლიო პოლიტიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, საუბარი  მაინც იყო საკმაოდ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ ემოციური“, – აღნიშნა კარასინმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ სურს რუსეთს ძალის გამოუყენლობის შეთანხმების  გაფორმება, კარასინმა აღნიშნა,  რომ ეს ძველი საკითხია და მიზეზი ის არის, რომ მოსკოვი თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს, აგრესია კი, მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა.

ამასთან, როგორც კარასინმა აღნიშნა, “დისკუსიის მონაწილე ზოგიერთ მონაწილეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელს აწერენ სახელმწიფოთშორის დოკუმენტს, თუმცა რეალურად ძალის გამოუყენებელობის შესახებ შეთანხმების შეთავაზებული ტექსტი ამ ტიპის დოკუმენტი არ არის”.

“ეს ძველი საკითხია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ აგრესია განახორციელა  მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობდა. ჩვენ ამ აგრესიაზე პასუხის გაცემაში დავეხმარეთ, შემდეგ შევასრულეთ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ყველა პუნქტი და ამ პოზიციაზე ვრჩებით. თუმცა ის, რის მიღებასაც ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვთავაზობდით, სახელმწიფოთშორისი დოკუმენტი არ არის. ეს არის ემოციური,  ერთობლივი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომ მონაწილეები, ანუ ფიზიკური პირები, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობენ,  შეთანხმდნენ,  ჩვენს სახელმწიფოებს მისცენ სტიმული, ძირითადი განხილვები ეხებოდეს არა ძალის გამოყენებას, არამედ თანამშრომლობას, მეგობრობას. თუმცა როგორც ირკვევა, ამ საკითხზეც კი შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რადგან ზოგიერთ მონაწილეს, არ დავასახელებ გვარებს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ  ხელს აწერენ რაღაც სახელმწიფოთშორის შეთანხმებას. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია სახელმწიფოთშორის შეთანხმებაზე, იქ ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. აქ საუბარია უბრალოდ განზრახვის დეკლარაციაზე. საქმე იმდენად ტექსტში არ არის, ტექსტის დაწერას მხოლოდ რამდენიმე საათი უნდა, საქმე ეხება ისეთ ცნებებზე შეთანხმებას, რომლებსაც ყველა გაიზიარებს. საჭიროა, რომ ნაღმებს გვერდი ავუაროთ, მაშინ გამოვა განცხადება. ჯერ  საერთო ძალისხმევით ამ ნელი მოქმედების ნაღმების შემოვლა არ შეგვიძლია”,-განაცხადა კარასინმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.