გრიგოლ ვაშაძე - ყველაფერი, რაც პროფესიაში ვიცი, საბჭოთა დიპლომატიის სკოლიდან მივიღე
ყველაფერი, რაც პროფესიაში ვიცი, საბჭოთა დიპლომატიის სკოლიდან მივიღე, რისი დამსახურებითაც შევძელი, წინ აღვდგომოდი რუსულ აგრესიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ფანტასტიკური სკოლა იყო. დასავლელი დიპლომატებიც პატივს სცემდნენ. ეს იყო დიპლომატიის სხვაგვარი დონე, ფართო ენციკლოპედიური ცოდნით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც საბჭოთა დიპლომატია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს.
ეს განცხადება ვაშაძემ BBC-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა. BBC-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა – „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ხომ საბჭოთა დიპლომატია“?
„არა, არა. ის საბჭოთა დიპლომატია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის. როდესაც ასეთი ზომის, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის ქვეყანა რუსეთს დიპლომატიურ ომს უგებს, საქმე ნამდვილად არ გვაქვს საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.