გრიგოლ ვაშაძე - ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამიც მაქვს, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რატომ არის უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით
უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზე პასუხს არ მოგცემთ, ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა გრიგოლ ვაშაძეს სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას მოაწერა ხელი.
კიდევ ერთ კითხვაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო თუ არა საკმარისი, რომ საქართველოდან ელჩი არ გაეწვიათ, ვაშაძემ განაცხადა, რომ მხარდაჭერის ნაწილში ხელისუფლების ნაბიჯებს მიესალმა, რის შესახებ ისაუბრა კიდეც.
მისივე თქმით, არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, რატომ არის უკრაინა უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით.
„მე ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამი მაქვს. ამ ნაბიჯებს მივესალმე და ვთქვი, ეს პოზიტიური ნაბიჯები იყო. რას არ აკეთებს ხელისუფლება, ამაზე კონკრეტულად ან ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, ან უკრაინის ადმინისტრაციამ, რადგან არც მე და არც თქვენ არ გვაქვს იმ ხარისხის, რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.