გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი მოუწოდებს გერმანიაში უკრაინის ელჩს, პატივისცემით მოეკიდოს სიტყვის თავისუფლებას ევროპულ დემოკრატიაში
გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი მოუწოდებს გერმანიაში უკრაინის ელჩს, პატივისცემით მოეკიდოს სიტყვის თავისუფლებას ევროპულ დემოკრატიაში

გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი უკრაინის ელჩს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას.

საქმე ეხება გერმანიაში უკრაინის ელჩის, ალექსეი მაკეევის განცხადებას, რომელშიც დიპლომატმა გერმანულ გამოცემას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „რეალობისა და სიმართლის დამახინჯებაში“ დასდო ბრალი და გაზეთის ზოგიერთი თანამშრომელი წარსულში რუსეთის სახელმწიფო მედიაში მუშაობის გამო გააკრიტიკა.

საპასუხოდ, Berliner Zeitung-მა მოუწოდა უკრაინელ დიპლომატს, პატივისცემით მოეკიდოს სიტყვის თავისუფლებას ევროპულ დემოკრატიაში.

„ჩვენ მომხდარს განვიხილავთ დასახელებულ ჟურნალისტებსა და ავტორებზე უსაფუძვლო თავდასხმად და მათი დაშინების მცდელობად. შესაბამისად, პრესის თავისუფლებაზე შეტევად“, – განაცხადეს გერმანული გამოცემის რედაქციაში.

ცნობისთვის, გაზეთ Berliner Zeitung-ის მფლობელები 2019 წლიდან არიან მეწარმეები ჰოლგერ და ზილკე ფრიდრიხები. 2023 წელს ჰოლგერ ფრიდრიხმა ხელი მოაწერა „მანიფესტს მშვიდობისთვის“, რომლითაც გამოვიდნენ მემარცხენე პარტიის წევრი სარა ვაგენკნეხტი და ქალთა უფლებების დამცველი ალისა შვარცერი. ამ პეტიციის ხელმომწერები მოუწოდებდნენ გერმანიის მთავრობას, უარი ეთქვა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე და გაეაქტიურებინა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობები. პეტიციას 910 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.