გრიგოლ ვაშაძე - უნდა ვისწავლოთ ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისა და ვიზალიბერალიზაციის გამოყენება
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტარები მიმინდია სუბელიანისა და ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრებისთვის, მათ უკეთესად ესმით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს კითხვით მიმართა: „ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გარკვეულ დროს ხელს უშლიდნენ ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესს. რამდენად არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი თქვენთვის ის თემა, რაზეც აქტიურად შეძლებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომ მივიღოთ ჩვენი საწადელი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
წამყვანის კითხვაზე გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:
„რაც შეეხება ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელსაც მე ცოტა ადგილებს შევუცვლიდი – ატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ის კატაკლიზმები, რომელიც ევროპის კავშირში ხდება, ბრექსიტიდან დაწყებული და ის, რომ რიგში ბალკანეთის ქვეყნები დგანან, ეს საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც უკვე გვაქვს. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ყოვლისმომცველი და გაღრმავებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. ამის გამოყენება უნდა ვისწავლოთ.
რაც შეეხება ნატო-ს. თუ მე ჩამოგითვლით იმას, რაც ჩვენს დროს გაკეთდა, 2008 წლიდან 2012 წლამდე, მიხვდებით, რომ ვთანამშრომლობდით არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რიგი ადამიანები მერე გადაბარგდნენ „ქართულ ოცნებაში“ და გახდნენ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები. ასე რომ, თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება, ეს არც გამიჭირდება. ძალიან ბევრია ეს ადამიანი, აფიშირების გარეშე. კიდევ მოდის ჩემთან და რჩევას მეკითხება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.