სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა. მან გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვას უპასუხა, არის თუ არა მისი მიზანი რევანში და რამდენად შეძლებს, იყოს ყველას პრეზიდენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი.
„მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შევედი 2017 წლის 21 იანვარს, მხოლოდ იმიტომ, რამე რომ მოუვიდეს პარტიას ან „რუსთავი 2“-ს, საქართველოში ოპოზიციონერის კივილსა და ყვირილს კი არა, ჩურჩულსაც ვერ გაიგებს ვერავინ. ტელეკომპანია „იბერიას“ მაგალითი შესანიშნავი მაგალითია. ეს ზეპარტიულობას რაც შეეხება. თითქმის ხუთი წელი ვიყავი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ დროისთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩვენ სამინისტროში არც პოლიტიკური და არც სხვა იდეოლოგიური ნიშნით, არავინ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის პრაქტიკა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოიკოტს უცხადებდა თავისუფალი მედიის ზოგიერთ საშუალებას და იქ არ მიდიოდნენ. შეგიძლიათ, კოლეგებს კითხოთ, ფოფხაძიდან დაწყებული ბრიუსელში, „კავკასიით“ დამთავრებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიწვევაზე უარი მეთქვა.
ყველას პრეზიდენტი და ზეპარტიული პრეზიდენტი ლიტონ სიტყვებს კი არ ნიშნავს – გაუმარჯოს მომავალს, ყველას პრეზიდენტი ვიქნები, მათ შორის მთაწმინდის პრეზიდენტი. ყველას პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ ის 40 ათასი კილომეტრი, რომელიც გავიარეთ და ათასობით ადამიანი, რომელსაც მოვუსმინე, ის 82 დოსიე, რომელიც გავაკეთეთ ამ მდგომარეობაზე, ამაზე მუშაობა უნდა დავიწყო და ნახავთ თქვენ, როგორ არ დაიწყებენ მუშაობას ხელისუფლების აღმასრულებელი შტოები, როდესაც პასუხს მოვთხოვ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს წამზომი ჩართულია და სასწრაფოდ შველა სჭირდება.
„რაც შეეხება რევანშს, სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს, რადგან მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოძრავებს. შეგიძლიათ, აიღოთ ჩემი ინტერვიუები, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ დავტოვეთ კაბინეტები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას – არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რამე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო. როგორც ეს წამზომი მუშაობს, ისე მუშაობს, ოღონდ ორმაგი სისწრაფით საქართველოს წამზომი და სასწრაფოდ შველა სჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.