გრიგოლ ვაშაძე - როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას
როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას, მხოლოდ წარმოიდგინეთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტ ჟანა ნემცოვას კითხვაზე – საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია. რეალურად მას არანაირი აღმასრულებელი ძალაუფლება არ აქვს. რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი, – გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მრავალი უფლებამოსილება აქვს.
„ეს სრული სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილებები არ აქვს, ბოდიში. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია, ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. მას აქვს ვეტოს უფლება, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება, შეწყალების უფლება და მრავალი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი. და არ დაგავიწყდეთ, არსებობს კონსტიტუციის სულისკვეთება და სიტყვა. სულისკვეთება ნიშნავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ვერავინ შემაკავებს ამისგან. ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.