გრიგოლ ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან, მაგრამ არა მთავარ საკითხებზე, რომლებზეც ოპოზიცია პირველი ნოემბრიდან საუბრობს
ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მოლაპარაკების პროცესში არის მნიშნველოვანი საკითხები, თუმცა ის მთავარი საკითხების გარეშე ვერ გადაწყდება.
ამავე დროს, ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს.
„მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გიპასუხოთ, ჯერ ერთი, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ. მეორე – რომ დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე, არა. კონკრეტულად გპასუხობთ, რომ ჩვენ მთავარ მოთხვონებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ ჩანს.
იცით რა არის? არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე უნდა ილაპარაკო, აგრეთვე არის მნიშნველოვანი საკითხები, რომლებიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება, პროფესიონალები ხართ და გესმით, რასაც ვამბობ. ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, პოლიტპატიმრების თემა მისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუმცა, მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს.
„ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მაგრამ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, უცვლელია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შედიან.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ჩანს მზაობა მნიშნველოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს პირველი ნოემბრიდან. ჩვენი ფასილატატორების თხოვნით, დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.