გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში
გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში

პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისს სოციალური სტატუსი და როლი წაართვას.

„დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდგეს ამ შენობის წინ, რომელიც გახდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეს შენობა გახდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი სიცრუისა და ქუთაისელებისადმი ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობებისა და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს.

ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. გგონიათ რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერა. რადგან თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები არიან“, – განაცხადა ვაშაძემ.