გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს კანონპროექტებს
გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს კანონპროექტებს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

„ტრივიალური და სტანდარტი გახდა, რომ უნდა თქვა აღმშენებლობას, განვითარებას მივეცი ხმა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ ერის გაერთიანების და ამ ქვეყანაში ზიზღის დამთავრების. იმას, რომ მოსახლეობის 50 პროცენტი აღარასოდეს იყოს ემიგრაციაში და არ თვლიდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს არათავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომლებიც ახლაც გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება 2021 წელს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მეორე ტურს, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ქუთაისში არსებული განწყობების მიხედვით, პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს.

„ამაზე ერთი გამოთქმაა – ეს რომ ვიცოდე, ნიუ იორკში ვიცხოვრებდიო. განწყობები ქუთაისში არის ისეთი, რომ წესით უნდა მოვიგოთ პირველ ტურში. უნდა მოვიგოთ აუცილებლად. ეს შემიძლია გითხრათ. წესით, უნდა მოვიგოთ პირველ ტურში. პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. იქნება მრავალპარტიული, ძალიან განსხვავებული და ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი. პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც მას მოსწონს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს გადასატანი ყუთების საკითხი.

„მთავარი პრობლემა, რომელიც ახლა არის და რომელზეც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე საუბრობენ, არის გადასატანი ყუთები, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამ სიაში შეყრილი ჰყავს უამრავი ადამიანი, ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და შემდეგ ცდილობს, ეს ადამიანები მოიყვანოს უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლები და წარმომადგენლები ძალიან ყურადღებით არიან, რადგან არაერთგზის დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ხმა უკვე მისცა გადასატან ყუთში და მოიყვანეს უბანზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.