გრიგოლ ვაშაძე - მთავრობამ ვალდებულებები უნდა ჩამოაწეროს პირებს, რომლებიც „შავ სიაში“ არიან და ვერ იხდიან ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები.
„საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მიერ შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების, ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ: პირველი – ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს ნებისმიერი პირის ვალდებულებების ჩამოწერა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატი მიმართავს პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ.
გრიგოლ ვაშაძე ასევე მიმართავს ეროვნულ ბანკს და მოუწოდებს, მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების გადაქცევა ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად, რომელიც ეკონომიკას აძლევენ განვითარების სტიმულს.
„ეს თუ არ გაკეთდა, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.