გრიგოლ ვაშაძე - ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს, ასე თუ გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს
ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს, ასე თუ გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. პლატფორმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
„გიორგი ვაშაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსენსუსი და არც ერთად მუშაობის სურვილი. სამწუხაროდ, სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა, ერი მოსახლეობით არის ჩანაცვლებული, ერთობა კიდევ ცენტრალიზაციით, ამ დროს არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რა ხდება ჩვენ გარშემო. საითაც გავიხედავთ, აბსოლუტურად ყველგან, ჩვენ გარშემო, რეგიონში, რეგიონის გარეთ არის ომი. უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში ომია, ჩვენ ორ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, სირიაში ომია, ავღანეთშიც ომია. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეგონოს, ეს ჩვენ არ შეგვეხება. მივაღწიეთ იმას, რომ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური, ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ მოკავშირეებს იმედგაცრუება ჯერ გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისთვის, რათა ჩვენ მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მარტო. და ვინ მოიგებს ამით, მშვენივრად გესმით“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი.
„პირველი – პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე – ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს.
ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოსი – ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროპის კავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ.
აუცილებელია აბსულუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა.
ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს – ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს.
ამიტომ მთელი პროტესტი, რაც დაგიგროვდათ, მთელი გაღიზიანება, კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული, ძალიან გთხოვთ, მოდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ ჯადოსნურ წრეში რაზეც დავდივართ 30 წელი“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.