გრიგოლ ვაშაძე და ნატა ფერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით, ზრდილობა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარდგენილ პეტიციაზე მსჯელობდნენ, ოპოზიციონერ დეპუტატ გრიგოლ ვაშაძესა და პეტიციის ერთ-ერთ ავტორ ნატა ფერაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკითხზე საუბრისას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არ შეიძლება.
„აბსოლუტური დეჟავიუ მაქვს, გეგონება, უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ იმ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ, ყველაფერს ვანადგურებთ. იმას კიარ ვიძახი, რომ კმაყოფილი ვარ, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, ხალხნო, მართლა აღარ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკურ იმად… ერთი რამ ვიცი, ის შენობა ინგრევა, შვილი და სტუმრები მყავდნენ იქ, არის კოშმარი. ფაქტია ის, რომ ექსპონატები გადასარჩენია. სარდაფში თუ ვინმე ჩაბრძანებულხართ, ნახავთ, რა დღეშია ფუნდამენტი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ამის შემდეგ მას ნატა ფერაძემ მიმართა, „ჯერ თემას გაცნობოდა და შემდეგ ელაპარაკა სისულელეები“.
საპასუხოდ, გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს ზრდილობისკენ მოუწოდა.
„რა ბრძანეთ? ეს ვინ არის, ტო? ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარკებოდით, ზრდილობა ისწავლეთ უპირველეს ყოვლისა. თქვენგან განსხვავებით, მშვენივარდ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ზრდილობა და საერთოდ, ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ, გეგონება, ოჯახში გაიზარდეთ“, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ.
კულტურის კომიტეტმა დღეს განიხილა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პეტიციის ავტორებს და ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა საფრთხეშია და ითხოვენ, პარლამენტმა მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ასევე, მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, პეტიციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიცია, რათა მასში დასმულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია დაიწყოს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადაგზავნის საკითხს.