ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ ფერაძის მიერ სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს აპროტესტებენ

თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე ხმაურია. ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ ნატა ფერაძის მიერ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს.

პოლიციას საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

შსს-მ ამასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „შსს-ს თანამშრომლები თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.