გრიგოლ ვაშაძე - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ყველა მოკავშირის მხარდაჭერა აქვს, ნატო-ს კომუნიკე ადასტურებს, რომ მხარდაჭერა არ შენელებულა
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ყველა მოკავშირის მხარდაჭერა აქვს, ნატო-ს კომუნიკე ადასტურებს, რომ მხარდაჭერა არ შენელებულა

ჟენევაში გუშინდელი სამიტი ძალიან თვალსაჩინო იყო – იწყება ახალი ეტაპი დაპირისპირების და ამ დაპირისპირებაში საქართველომ თავისი ადგილი რომ მონახოს, გასათვალისწინებელია ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომელსაც მოკავშირეები გვაძლევენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს აშშ-ის, ევროკავშირისა და ყველა მოკავშირის მხარდაჭერა აქვს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამას ადასტურებს ნატო-ს კომუნიკეც.

„არ მინდა, გასიამოვნოთ და არ ჩათვალოთ, რომ თავს ვუქონავ საქართველოს მოქალაქეებს. არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი ამ სამიტზე განხილული იყო თუ – არა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ყველა ჩვენი მოკავშირის ურყევი მხარდაჭერა აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. რუსებს და რუსულ დიპლომატიას ახასიათებს შემდეგი თვისება, რაც შეიძლება ბევრი კონფლიქტური საკითხი წამოწიოს წინ, რომ ამაში მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩაძიროს. ნატო-ს კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ შენელებულა და ეს გაგრძელდება. უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში უწყვეტად მიმდინარეობს ომი, სამხრეთ-აღმოსავლეთში არის ნამდვილი ომი, არავითარი ზავი არ არის დადებული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.