ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.
„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.