გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
” ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე. ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ, საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვყავს.
დავინახეთ, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლების ყველა შტოს მართავს დაჯგუფებები, კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებები. სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად.
დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში.
„მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შექმნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები. დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები.
დავინახეთ, რომ შს მინისტრის მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები. დადასტურდა, რომ შალვა თათუხაშვილი, სახელოვანი ვეტერანი, მოკლულია ე.წ. ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.