გრიგოლ კაკაურიძე - მინდელის შახტში არსებული ველი, სადაც დღევანდელი შემთხვევა მოხდა, გახსნილი არ იყო, შესაბამისად, ჩვენი ინსპექტირების არეალში ვერ მოხვდა
ველი, სადაც დღევანდელი შემთხვევა მოხდა, გახსნილი არ იყო მაშინ, როცა ინსპექტირება განვახორციელეთ და შესაბამისად, ის ჩვენი ინსპექტირების არეალში ვერ მოხვდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა, გრიგოლ კაკაურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ვალდებული ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, კონკრეტული ლოკაცია ველის გახსნამდე შეამოწმოს, გრიგოლ კაკაურიძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, ვინაიდან მოპოვებითი სამუშაოები მუდმივი, დინამიკური და განვითარებადი პროცესია.
„კანონმდებლობით, პროექტის შემუშავება და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა თვითონ საწარმოს ხელმძღვანელობას, მის ტექნიკურ პერსონალს ევალება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა ინსპექტირება აპრილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ განახორციელა, რამაც შახტების ყველა ველი და უბანი მოიცვა.
„დაფიქსირდა შეუსაბამობები, რომლის გამოსასწორებლად მათ ვადა მიეცათ. კონკრეტული შეუსაბამობების ნაწილი აღმოფხვრილია, დანარჩენების აღმოფხვრის ვადა კი ჯერ არ ამოწურულა და პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იდგა თუ არა ველის შემოწმების აუცილებლობა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აპრილის თვეში მინდელის შახტში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა, გრიგოლ კაკაურიძემ აღნიშნა, რომ მოპოვებითი სამუშაოები ბევრი მიმართულებით მიდის და ასეთი ტიპის შემოწმებები კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული არ არის.
შეკითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, რომელიც შახტში აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით დამონტაჟდა, კაკაურიძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულის თქმა დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლისა და ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ახალდამონტაჟებული სისტემა ადამიანთა გადაადგილებას და იქ არსებულ გარემოში მავნე, ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციას აკონტროლებს, მაგრამ სისტემა ყველა, ნებისმიერი ტიპის შეუსაბამობის, ან რაღაც დარღვევის პრევენციას სრულად ვერ უზრუნველყოფს. როცა იქ ჩავედით, ავარიის შემდეგ, უსაფრთხოების სისტემა გათიშული იყო. უნდა ინახოს ჩანაწერები, რომელიც სისტემაშია დაცული. უნდა ვნახოთ, დაფიქსირდა თუ არა მომეტებული მეთანის კონცენტრაცია, ან სხვა რამ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, ყოველი კონკრეტული ავარია კონკრეტულ დარღვევას უკავშირდება, რაც ტექნოგენური და ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარეობს, ზოგადად კი კომპანიის ხელმძღვანელობას ვალდებულება აქვს, ნებისმიერი სახის პრევენცია უზრუნველყოს, რათა ასეთი უბედური შემთხვევები არ მოხდეს.