გრიგოლ გოგელია - უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ყველაფერს სჭირდება ადამიანური და ტექნიკური რესურსი
გრიგოლ გოგელია - უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ყველაფერს სჭირდება ადამიანური და ტექნიკური რესურსი

„ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, თუნდაც ნიუსრუმის პროექტი, უამრავი სტრუქტურული გარდაქმნა გავაკეთეთ, თუმცა ამას ყველაფერს დროც სჭირდება და სჭირდება რესურსი, მათ შორის, ადამიანური და ტექნიკური“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ნიუსრუმის პროექტი. როგორც გოგელიამ აღნიშნა, ახლა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს, არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

„ჩვენ დაგვხვდა ეს ორგანიზაცია, უამრავი ადამიანი მუშაობდა, შეიძლება უამრავ კარგ რაღაცას ქმნიდა, მაგრამ ის შედეგი იყო, რაც არის.

როცა გაქვს ვალები, როცა ორგანიზაციული სტრუქტურა განუსაზღვრელია და საერთოდ არ არსებობს, როცა სტრატეგია არ აქვს, როცა წარმოუდგენელია, რა გინდა გააკეთო და რა არ გინდა გააკეთო, შეიძლება თუ არა, უცებ ერთი ჯადოსნური ჯოხის მოქნევით შეცვალო?

ჩვენ დავიწყეთ ეს რეფორმები, ეს ყველაფერი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ნაწილობრივ აქვს, ნაწილობრივ ქმნის. რაც არ აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვიცით – არ აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც არის ცუდ მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში“, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ  ერთი არხი, არამედ – მულტიმედია ორგანიზაცია.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუცია და კულტურული ღირებულების პროდუქციას აწარმოებს. ეს არის მნიშვნელოვანი შემეცნებითი და სოციალური ღირებულების მქონე პროდუქციის მწარმოებელი ორგანიზაცია.

როგორ აკეთებს ამას – ინფორმირების, გართობის, შემეცნების, დავამატებდი კიდევ ჩართულობის ელემენტებით. ჩვენ არ ვართ მარტო პირველი არხი – ერთი არხი, ჩვენ ვართ მულტიმედიური ორგანიზაცია, გვაქვს ორი არხი, ორი რადიო, ახლახან გაეშვა ახალი ვებპლატფორმა, იგეგმება მობილური აპლიკაციების შექმნა“, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია და საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, დღევანდელ გადაცემაში მოწვეულები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან კობერიძე, კახა ოქრიაშვილი და ასევე დავით ჭიჭინაძე, რომლებმაც მოუცლელობის მიზეზით, სტუდიაში სტუმრობაზე უარი განაცხადეს. გადაცემაში საუბარი შეეხო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რის შესახებაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.