ალექსანდრე გოგინავა - მნიშვნელოვანია, მოხდეს ჯაჭვის გაწყვეტა და ახალი შემთხვევების კლება, სხვა შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი ამას ვერ გაუძლებს
ალექსანდრე გოგინავა - მნიშვნელოვანია, მოხდეს ჯაჭვის გაწყვეტა და ახალი შემთხვევების კლება, სხვა შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი ამას ვერ გაუძლებს

ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ჯაჭვის გაწყვეტა და ახალი შემთხვევების კლება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვა შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი ამას ვერანაირად ვერ გაუძლებს. ერთია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასუნთქი აპარატები, ჟანგბადი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა ცოცხალი ძალა, მედპერსონალი, რომელიც ასევე დეფიციტია. რაც მეტი პაციენტი გვეყოლება და მეტი კლინიკა ჩაერთვება, მით უფრო გაჭირდება მაღალკვალიფიციური, გამოცდილების მქონე პერსონალის მოძიება, ვისაც ასეთ პაციენტებთან მუშაობა შეუძლია“, – განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი ისაა, როგორმე მოხდეს ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება, რათა ჰოსპიტალურ სექტორს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჰოსპიტალურმა სექტორმა ამას გაუძლოს და ამისთვის დამატებითი რესურსების მოძიება ხდება, მაგრამ გრძელვადიანად, თუ ეპიდსიტუაცია არ დავასტაბილურეთ, სექტორი ამას ვერ გაუძლებს“, – განაცხადა გოგინავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სიმპტომების შემთხვევაშია აუცილებელი პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, რომ პაციენტის სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა მაშინ დგას, როცა არის სუნთქვის მზარდი უკმარისობა, ადამიანს ქრონიკული, ან ფონური დაავადება აქვს და მისი ბინაზე მართვა შეუძლებელია.

„ასეთი პაციენტები არიან ვთქვათ, ასაკოვნები. ისინი, ვისაც აქვს მაღალი ჰექტიური ცხელება და ამ ცხელების ფონზე განვითარებული ძლიერი სისუსტე. ისეთი, რომ უჭირთ კოორდინაციის დაცვა და გადაადგილება. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ასეთი სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, უფრო ასაკოვან და იმ ადამიანებში ვითარდება, ვისთანაც რამე ფონური დაავადებაა, მაგრამ არა ყოველთვის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, სულ ახალგაზრდა ადამიანიც დამძიმდეს“, – განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღება და მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

მისივე თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება ჯანსაღი უნდა იყოს, ადამიანები პანიკას არ უნდა აჰყვნენ და როცა ამის აუცილებლობა არ დგას, საავადმყოფოში მოხვედრას არ უნდა ეცადონ.

„მეორე, უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რათა ასეთი ადამიანების შეფასება ბინაზე მოხდეს სწორად; ადამიანებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმთან, ვინც დააკვალიანებს და გარკვეულ რჩევებს მისცემს. შესაბამისად, ეს ადამიანები აღარ მოინდომებენ სტაციონარში გადაყვანას, ბინაზე დარჩებიან და გამოთავისუფლებული საწოლფონდი მხოლოდ იმ ადამიანებს დაეთმობა, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.