ლევან გოფოძე - ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არსებობა არ სჯერათ, იქნებ, კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები
ლევან გოფოძე - ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არსებობა არ სჯერათ, იქნებ, კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები

ადამიანებისთვის, რომლებსაც „კოვიდის“ არსებობა არ სჯერათ, არის რეკომენდაცია, რომ იქნებ, კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინ დარწმუნდებიან, რომ ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა. საბედნიეროდ, ინფიცირებულთა ძირითადი რაოდენობა ამას ადვილად გადაიტანს, ან საშუალო სიმძიმის არის და ჰოსპიტალიზაცია საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ ვინც მძიმეა, ისიც სრულიად საკმარისია, რომ ამ დაავადების მთელი ეს სისასტიკე შეიგრძნო“, – განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს ყველა – სახელმწიფო, საზოგადოება და თითოეული მოქალაქე, ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთული იქნება.

„მარტივი იქნება, თუ ყველანი ჩვენს ადგილზე დავდგებით და იმას გავაკეთებთ, რაც გვევალება“, – განაცხადა გოფოძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, შეზღუდვების შემოღება აუცილებელია, რათა ჯაჭვი გაწყდეს.

„პირველ რიგში, გაწყდეს იმით, რომ თუნდაც, ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდეს. შეზღუდვებს მუდმივ რეჟიმში ვერ დავაწესებთ და ზაფხული ამის მაგალითი იყო, როცა რაღაც დონეზე საჭირო გახდა გახსნა, რადგან ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიძლებოდა, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩენილიყო. ეკონომიკამ თუ არ იმუშავა, ქვეყანა საერთოდ დაიქცევა, მაგრამ არის მეორე მომენტიც, როდესაც დაავადებულთა რაოდენობა ასეთი სისწრაფით იზრდება, მაშინაც შეიძლება, ქვეყანა დაიქცეს. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იშრომონ, უბრალოდ, არ გვეყოლებიან“, – განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, როცა ქვეყანა ამ დილემის წინაშე დგება, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, როგორ მოვიქცეთ, მაგრამ პირადად, იმ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რომ დაავადებულთა რიცხვის კატასტროფული მატება უნდა შეჩერდეს.

„ამის შემდეგ, როცა სტაბილიზაციას მივაღწევთ, შესაძლებელია სხვა ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ თანდათანობით, მათი კლება მოხდეს. დიდი პრობლემა არის ინფიცირებულთა იმ 20 პროცენტის მოვლა, რომლებთანაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, თორემ ყველა დანარჩენი ამ დაავადებას მარტივად გადაიტანს – სახლში, ან იგივე კოვიდსასტუმროების პირობებში. ეს 20 პროცენტი, გინდაც 17 პროცენტი, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, აუცილებლად უნდა მოხვდეს კლინიკაში. ამწუთას ეს არის ჯანდაცვის პირველი ამოცანა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად თვალწინ უდგას ის მძიმე კადრები, როცა ძალიან განვითარებულ ქვეყნებში ასაკოვან პაციენტებს მართვითი სუნთქვის აპარატებიდან ხსნიდნენ, გვერდით ოთახში გაჰყავდათ სასიკვდილოდ და აპარატზე უფრო ახალგაზრდა პაციენტებს რთავდნენ.

„თუ ჰოსპიტალურ სექტორზე განუზომელი დატვირთვაა, კოლაფსი ყველა ვარიანტში მოხდება. ამიტომ ამის რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.