მყინვარქვეშა ტბები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მახასიათებლებია. არასწორი წარმოდგენა გვაქვს მათ რაოდენობასა და გავლენაზეც.
ცოტა ხნის წინ, ანტარქტიდის კონტინენტის ქვეშ 400 ასეთი ტბა აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს მყინვარული საფარი სითხეს საერთოდ არ შეიცავდა.
ახლახან, მსგავსი ამბავი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც განმეორდა. გრენლანდიის მყინვარული საფარის ქვეშ 56 ტბა აღმოაჩინეს; ამ დრომდე იქ არსებული მხოლოდ 4 ასეთი ტბის შესახებ იყო ცნობილი.
გრენლანდიის მყინვარული საფარის სისქე რამდენიმე კილომეტრია და ჯერ კიდევ უცნობია, რა ხდება მისი ყინულოვანი წიაღის ქვეშ. დედამიწის გათბობასთან ერთად, გრენლანდია წელიწადში 244 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. კუნძულის მყინვარული საფარის სრულად გადნობის შემთხვევაში, ზღვის დონე 7 მეტრით აიწევს.
კლიმატის სამომავლო მოდელებისთვის უმნიშვნელოვანესია მყინვართა ნადნობი წყლის მიმართულებათა შესწავლა; მყინვარქვეშა ტბები ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ანტარქტიდაზე წყლის აუზების ავსება და დაშრობა ყინულის დინების ასწრაფებას იწვევს; მეცნიერთა აზრით, იგივე უნდა ხდებოდეს გრენლანდიაშიც. შარშანდელი კვლევის პროგნოზის მიხედვით, წყლის დრენაჟის ჯაჭვური რეაქცია ყინულის დინებას 400 პროცენტით უნდა აჩქარებდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური მოდელები გრენლანდიაში ათასობით მყინვარქვეშა ტბის არსებობაზე მიუთითებს, მათი პოვნა ურთულესია.
პირველი სრულყოფილი აღნუსხვისას გრენლანდიაში მხოლოდ 56 ასეთი ტბა იპოვეს. საგულდაგულო ანალიზები უზარმაზარი ოდენობის რადიო-ექო მონაცემების დამუშავებას მოითხოვს, ასევე უნდა შეისწავლონ ყინულის ზედაპირის სიმაღლეთა ცვალებადობა, რაც გვეტყვის, როგორ ივსება და შრება ეს ტბები დროთა განმავლობაში.
ანტარქტიდის ტბების სიგრძე ხშირად 11 კმ-მდე აღწევს, მაგრამ მათგან განსხვავებით, გრენლანდიის მყინვარქვეშა ტბები გაცილებით პატარაა და მათი სიგრძე 200 მეტრიდან 6 კმ-მდე მერყეობს. გარდა ამისა, ისინი უფრო სტაბილურია და ჩამარხულია შედარებით ნელა მოძრავი ყინულის ქვეშ.
ახლად აღმოჩენილი ტბების დაახლოებით ნახევარი აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შრება და ივსება ყინულის ზედაპირის სიმაღლის ცვალებადობასთან ერთად. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს სტრუქტურები მომავალში უფრო ხშირი გახდება.
კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ზედაპირზე გამდინარე დამდნარი ყინულის წყალმა გრენლანდიაში ტბები შესაძლოა მყინვარული საფარის ზედა ფენებშიც წარმოქმნას, როგორც ეს უკვე ხდება ანტარქტიდაზე. როცა ეს წყალი ფსკერისკენ ჩაიჟონება, მეცნიერთა აზრით, გაააქტიურებს მყინვარქვეშა ტბებს, რაც მყინვარული საფარის ზოგად სტაბილურობას შეამცირებს.
ავტორები შენიშნავენ, რომ გრენლანდიის ყინულოვანი სტრუქტურების კიდეებზე, სადაც დნობის პროცესი უფრო ჩქარია, ეს უკვე მოხდა ორი გააქტიურებული ტბის შემთხვევაში.
აქედან გამომდინარე, გრენლანდიის მყინვარული საფარის კიდეები შესაძლოა უფრო ბევრ ასეთ დინამიკურ, მყინვარქვეშა ტბას მალავდეს.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.