გორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გორის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურად რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება იმ მოედანზე გააპროტესტეს, რომელიც რუსულმა ავიაციამ 2008 წლის ომის დროს დაბომბა.
„აქ მოვედი ჩემს ოჯახთან ერთად. სიმბოლურად სწორედ იმ ადგილზე, სადაც რუსეთის მხრიდან აგრესიას ადამიანები შეეწირნენ. მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ დახმარება გავუწიოთ უკრაინის მოქალაქეებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ივანე კოპაძემ.