სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს. მოსახლეობა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. სოფელი მიწის ამ ფართობს საძოვრად იყენებდა. მოსახლეობა ამბობს, რომ 1990-იან წლებში ეს მიწა, მიწის რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობაზე გაიცა, შემდეგ კი მათ იჯარით გადაეცათ. ჯარიაშენის მოსახლეობა მეიჯარის მხრიდან იქ დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და აცხადებს, რომ სოფელი საძოვრების გარეშე რჩება.

სოფელი ჯარიაშენი საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება და სოფლის საძოვრების დიდი ნაწილი 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულია. აქციის მონაწილეებს გორის მერი შეხვდა.

მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ეს ფართობი არა ჯარიაშენს, არამედ ახალუბანს ეკუთვნის და ის 30-წლიანი იჯარით 2003 წელს გასხვისდა. გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი მოსახლეობას სამართლებრივი გზებით ბრძოლას ურჩევს და აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება იქ სამუშაოები შეაჩეროს.

დატოვე კომენტარი