გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა, ნათია ლალიაშვილი ბრალდებულისთვის, იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე არ გამოცხადდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მის გარეშე გრძელდება. მოსამართლის თქმით, ნებიერიძე ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
„ცრუობს ჯანმრთელობაზე და წინაზეც ცრუობდა. მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს. პროცესის დახურვა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მოლოდონი მაქვს, რომ სამუდამო პატიმრობა მიესჯება ან სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რაც არ გვაქვს. უვადო პატიმრობას ველოდები“, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.