გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
საქმის პროკურორ ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, სასამართლო დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე და საქმის არსებითად განხილვისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელებს. ასევე მოხდება დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის ადვოკატ მარიამ პაპოშვილის განმარტებით, დღესვე გადაწყდება, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღნიშნულ საქმეს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარესაც.
„ბრალდების მხარე ძალიან ბევრ რამეს ლაპარაკობს წინასწარ, მაგრამ ხანდახან ისე არ ხდება ხოლმე. ძალიან სენსიტიური თემაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხელწერილი დამაწერინეს, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება მეკრძალება. ამით არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა ბრალდების მხარემ. მათ გააჟღერეს ბევრი ინფორმაცია. ასევე, ექსპერტიზის დასკვნა თითქმის გამოიკვლიეს და ალბათ ვერდიქტიც გამოიტანეს, რაც არასწორია და იაგოს უფლებებიც ირღვევა. ავირჩევთ ნაფიც მსაჯულებს. თუ ისე მოხდება განხილვა, ეს თემაც იქნება დღეს, მაგრამ ჟურნალისტებმა ისე გაავრცელეთ ინფორმაცია და ფოტოები, რომ შეიძლება ერთი ადამიანიც არ მოიძებნოს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოადგება“, – აღნიშნა მარიამ პაპოშვილმა.
ჟურნალისტებმა ადვოკატს შეახსენეს, რომ ბრალდებულმა თავად მიუთითა დანაშაულის ადგილი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული აღიარა, რაზეც ადვოკატმა განაცხადა, რომ რაც ადრე იყო, არ იცის და ინფორმაცია არ აქვს.