გორში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გორში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გორის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე, ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პროკურატურამ გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე – გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის – ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმეზე ოთხი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული არც ერთი პირი ბრალდებას არ ეთანხმება. ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულო არიან. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ჩვენებები ზეწოლის ქვეშაა მიცემული.