გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე გარდაცვლილი გოგონას მეზობლები დაიკითხებიან.
არსებული ინფორმაციით, წინა პროცესისგან განსხვავებით, დღევანდელ სხდომას ბრალდებული იაგო ნებიერიძეც დაესწრება. ბრალდებული გასულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება. დღევანდელი სხდომა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.