გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლის თქმით, გადამოწმდა ბრალდებულის მდგომარეობა. ის ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამიტომ საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. დღეს ასევე შესაძლოა, მოწმეთა დაკითხვა დაიწყოს.
ცხრა წლის გოგონას ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოცხადდა სხდომაზე ბრალდებული.
„ავად არის? კვდება? თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს. უვადო პატიმრობას ელოდება მთელი საქართველო. საქმე ბოლომდეა მიყვანილი. ამას აღარაფერი სჭირდება. ჩემი აზრით, ორი ან სამი პროცესი, მეტი რა უნდა? რას დაგვარბენინებენ ან ჩვენ გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ და თქვენს შვილებს უნდათ“, – განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.