გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხა
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხა

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები და ბავშვის ცეკვის მასწავლებელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ.

გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ნებიერიძე წინა სხდომასაც არ დაესწრო. მოსამართლის თქმით, გადამოწმდა ბრალდებულის მდგომარეობა. ის ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამიტომ საქმის განხილვა მის გარეშე გაგრძელდა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული იაგო ნებიერიძემ ჩაიდინა.

„ბრალდებულს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა და მისი გამოუცხადებლობა იყო არასაპატიო. ბრალდების მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ დანაშაული ჩაიდინა იაგო ნებიერიძემ. ჩვენ შემდეგ პროცესებზე ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტები დაიკითხებიან“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი მედიასთან საქმეზე დეტალებზე არ საუბრობს.

„დღეს არ გამოცხადდა იმის გამო, რომ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. ახალი შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და ზოგადი სისუსტე აქვს – ოფლიანობა, უმადობა, უძილობა. მივმართეთ დაწესებულებას და შემდეგში გააკონტროლებენ. წინა პატიმრობის დროს ტუბერკულოზი აქვს გადატანილი. ვიზუალურად შეიძლება დაზიანება არ ჰქონდეს. გაჭიანურების მიზანი არ აქვს. ჯერ დუმილის უფლებით სარგებლობს. მოწმეთა ჩვენებების დეტალებში ვერ შევალ“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 18 მარტს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.