გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე ხუთი მოწმე გამოიკითხა
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა.
პროცესზე ხუთი მოწმე გამოიკითხა. მათ შორის იყვნენ საქმის გამომძიებელი, ექსპერტები, გოგონას მეზობლები.
პროკურორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კრიმინალისტებმა მოპოვებული მტკიცებულებების ავთენტურობა დაადასტურეს.
იაგო ნებიერიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დანაშაულებრივ ქმედებას არ ამტკიცებს.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.