გორში, კომპანია „საქორგგაზთან“ შეკრებილი მოსახლეობა ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებს.
გორის მოსახლეობის ნაწილს ეჭვი აქვს, რომ “სოკარ ჯორჯია გაზისგან” დეკემბრის თვის ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი მიიღეს.
გაზის გამანაწილებელი კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” შვილობილი კომპანიაა და მოსახლეობა პრეტენზიებსა და ბრალდებებს ბუნებრივი აირის საეჭვოდ გაზრდილი გადასახადის გამო სწორედ მას უყენებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე თვეს ბუნებრივი აირის მოხმარება არ გაუზრდიათ, თუმცა ქვითრებზე გაორმაგებული გადასახადი მიიღეს.
აქციის მონაწილეები კომპანიას ბუნებრივ აირზე გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებენ და დარიცხული თანხის ჩამოწერას ითხოვენ.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ გორის სერვის ცენტრთან შეკრებილები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
“მოვითხოვთ ზედმეტად დარიცხული თანხების ჩამოწერას, ან პასუხი გაგვცენ რასთან გვაქვს საქმე. ყინვები არ იყო და შესაბამისად, იგივენაირად მოვიხმართ ბუნებრივ აირს, როგორც გასულ თვეს. არ ვიცით, რამ გამოიწვია ასეთი დიდი სხვაობა. ამას არ მოვითმენთ. როგორც გავიგეთ, კომპანია ამ სხვაობას სადღესასწაულო დღეებს უკავშირებს. ალბათ, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და პასუხი გაგვცენ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლილი ჯუსტიშვილი.