საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან.
ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე ხმელ ბალახსა და ეკალბარდს ორ სხვადასხვა ადგილზე უკიდია – სოფელ ასკილაურთან მთის ფერდობზე და გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტყეში. ხანძრის კერა რთულად მისადგომ რელიეფზეა.
ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე საგარეჯოსა და თელავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.
გომბორში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზაზა ხიზანიშვილი ამბობს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ დაუდევრობის მიზეზით გაჩნდა.
„სოფლებიდან ხშირად ადიან ტყეში ღანძილის მოსაპოვებლად, ზოგჯერ ღამითაც. ტყეში რჩებიან, ცეცხლს ანთებენ და არ გამოვრიცხავ, აქედან ჩნდებოდეს ხანძარი, რადგან გვალვაა, დიდი ხანია, ნალექი არ ყოფილა. შესაბამისად, ხმელი ბალახიც და ფოთოლიც ადვილად აალებადია. ამ ეტაპზე, ცეცხლი მხოლოდ ქვედა საფარს უკიდია, მაგრამ თუ ქარი გაძლიერდა, ხანძრის ტყეზე გადასვლის საშიშროება არსებობს“, – განაცხადა ზაზა ხიზანიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ათობით მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.