“გოლდენ სტეიტი“ - “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ოკლენდში, Oracle Arena-ზე 20 დეკემბერს გასამართ NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდებიან, ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა” შეასრულებს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დიდ შესვენებაზე “შვიდკაცა” სამ ქართულ სიმღერას იმღერებს.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, თამაშზე ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო – Bubble Head დარიგდება.
ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, “შვიდკაცა“ კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.
ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
“აგვისტოში აქტიურად ვიყავით ჩართული ღონისძიებებში, რომელიც ნბა-ს საჩემპიონო თასის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას თბილისში ჩამოჰყვა და თავად ზაზამაც გამოთქვეს სურვილი, რომ 20 დეკემბერს “გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე გვემღერა, რომელზეც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდებოდა. ცხადია, შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი “გოლდენ სტეიტის“ პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი“, – აღნიშნა “შვიდკაცას” წევრმა დავით ნოზაძემ.
ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და “გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.