ბიზნესმენ გოგი თოფაძის ინფორმაციით, მისი შვილიშვილი, დაჭრილი ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ჯერ მართვით სუნთქვაზეა. ალბათ, ერთი დღე ასე იქნება. საღამომდე დაველოდოთ, კიდევ ვნახავ, რა მდგომარეობაშია. ოპერაცია ჩაუტარდა ოთხივე ადგილზე, სადაც დაჭრილია. ახლა მეუბნებიან, რომ შეიძლება ოპერაცია კიდევ დასჭირდეს, ჯერ არ ვიცი“,- განაცხადა თოფაძემ.
მისივე განცხადებით, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ის და მისი მეუღლე, ასევე ლევან თოფაძის ოთხი მეგობარი, რომლებიც ინციდენტის ღამეს თოფაძესთან ერთად მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
„გამოკითხვაზე ვიყავით მეც, ჩემი ცოლიც და ის ოთხი ბავშვი, ვინც იმ ღამეს ჩვენთან სახლში იყო. ჩემი მეუღლეც კინაღამ დაიჭრა. ლევანი დანით არის დაჭრილი. ჩვენ გვეძინა. პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო წივილი, დაინახა, რომ ურტყამენ თავის შვილიშვილს, ეს აშველებდა, კინაღამ ისიც მოყვა ამაში. ის გაქცეული იყო, ზევით რომ ამოვედით, არც მინახავს. პირდაპირ გეტყვით, დილის 05:00 საათზე რომ შემოგივარდება კაცი, იქ, სადაც შენი ბავშვები არიან, თითქმის მომიკლა შვილი, რა უნდა გავაკეთო, რა, ახლა შემეცოდება, თუ რა?“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.