გიგა ბოკერია - ქუჩის პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა გვაძლევს შანსს, რომ იქნებ ბოლომდე არ შეტოპონ
კომიკურია და ძალიან იაფფასიანი უნიჭო პიარსვლა არის ეს, წარუმატებელი მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, საერთაშორისოსო თუ ადგილობრივის, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გუშინდელი განცხადება, რომ უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
„ნიკა მელიამ თავისი პრინციპული პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა, რადგან ზოგადად, ფეხ ქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა, რვა მარტის შეთანხმება იყო დარღვეული, საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობა იყო დაუსჯელი, არჩევნები მოიპარეს, მისი საქმეც უტიფრად შეკერილი პოლიტიკური საქმეა. სწორედ ამიტომ პრინციპულად დააფიქსირა პოზიცია, რომ გირაოს არ შეიტანს. ახლა ამ სამარცხვინო ოპერაციის შემდეგ, კატასროფულის, რასაც მოჰყვა ზვავი, ბუნებრივია, თავისუფალი სამყაროს რეაქციის უკან დაბრუნება და თქმა, რომ ის, რაზეც მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, ახლა გადათქვამთ თუ არაო, არ მგონია რეალური. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არ შეუცვლია ეს პოზიცია და მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.
ეს არის უკან დახევა, უნიჭო პიარსვლა. ნერვიულობენ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ოღონდ ჯერ არასაკმარისად ნერვიულობენ, ნერვიულობენ იმდენად, რომ ეს რაღაც იაფფასიანი სვლა გააკეთონ , ხოლო როცა მიხვდებიან, რამდენად სერიოზული სანერვიულო აქვთ, მაშინ თვითონ მოიფიქრებენ ფორმას, როგორ განათავისუფლონ მელია, რვა მარტის შეთანხება შეასრულონ, გაათავისუფლლონ რურუა, საერთოდ შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, შევთანხმდეთ, ვიაროთ მშვიდად და მშვიდობიანად ვადამდელი, ნორმალური არჩევნებისკენ, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე: „მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ მზად არიან, რატომ არ იდგმება ქმედითი ნაბიჯები“, ბოკერიამ განაცხადა, რომ ამისთვის ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე თქმით, ვინაიდან ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებზე არ თანხმდება, ქუჩის გარდა სხვა გზა არ რჩება.
„გადადგან ნაბიჯი, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, დაასრულონ პოლიტიკური დევნა, დავსხდეთ ტექნიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ვადამდელი არჩევნები როგორ და როდის უნდა დაინიშნოს.
გზა რჩება ქუჩის პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის, ეს არის ორი ინსტრუმენტი, რაც გვაძლევს შანსს, რომ იქნებ ივანიშვილმა არ შეტოპოს ბოლომდე, რაც მოსდით ხოლმე ოლიგარქებს, ეგ არის ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა ბოკერიამ.
რაც შეეხება საქციებს, ბოკერია ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის განხილვა, მათ შორის პერსონალური სანქციების შესახებ, არასოდეს ყოფილა.
„ველოდები კი არა, ველოდები არასწორი ფორმულირებაა, მე ვიტყოდი, რომ ამ მასშტაბის და ასეთი ინტენსიური განხილვა, მათ შორის პერსონალური სანქციების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არასოდეს ყოფილა, ეს უპრეცედენტო რამეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დიახ, ესეც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თუ გაიგებს რამხელა საფრთხე გვემუქრება, აღარ შეტოპავს ბოლომდე და ქვეყანას მეტად არ დააზიანებს. ეს იქნება კარგი შედეგი, თუ შეტოპავს, მაშინ დაიღუპავს თავს, მათ შორის სანქციებს ვგულისხმობ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.