გოგა ბარბაქაძე - ბესო ზანგურზე რუსთაველის თეატრს იურიდიულად რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას
ბესო ზანგურთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრს იურიდიულად რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ რუსთაველის თეატრთან განაცხადა, სადაც „გილდიის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც გოგა ბარბაქაძემ განაცხადა, მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ დიდი აგრესია გადავიდა რობერტ სტურუაზე.
„საუბარი მიდის, თითქოს რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური. ორი რაღაც ხდება, აგერ წერია, რომ სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ გადადებულია, ისიც გაიგეთ, რომ მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან. თეატრს იურიდიულად რაც შეუძლია, გააკეთა, ჯერ სხვა აღარაფერი შეუძლია. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. ორჯერ ორი ოთხია“, – განაცხადა გოგა ბარბაქაძემ.
მისივე თქმით, მსახიობები, მთელი თეატრი სოლიდარობას უცხადებენ ნინუცა მაყაშვილს და გმობენ ძალადობას.
„მე ვარ ამ თეატრის მსახიობი და ვიცი შიგნით რა ხდება. ბატონმა რობერტმა თქვა ასეთი რაღაც, თუ არ ვცდები, თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, ჩვენ რას მოვითხოვთ, დავსაჯოთ ადამიანი? ამის შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, რადგან ის არის დამნაშავე, დამტკიცდა ეს? აქციაზე ამბობენ, რომ რობერ სტურუა არის ბოროტება, რეპეტიციაზე შეურაცხყოფას აყენებს ქალებს, ამცირებს და რაღაც მაგდაგვარი, თუ ეს ადამიანი რეპეტიციაზე ნამყოფი არ არის, საიდან აქვს ეს ინფორმაცია? 61 კაცი როცა მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ რომ არაფერს ამბობს, ეს არაფერს ნიშნავს? მოგონილს ჭორად რომ ამბობენ, არაფერს ნიშნავს? შეურაცხყოფა რას გულისხმობს, რომ რეპეტიციის დროს ეტყვის რაღაცას ჩხუბით? მეც მეუბნება, ყველას ეუბნება. ქალს ახლა რეპეტიციაზე არ მისცეს შენიშვნა? თქვენთვის რა იქნება კარგი, რომ მართლა ახლა დეზდემონამ დაახრჩოს ოტელო? შვიდიათასმა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა, ეს დანაშაული არ არის? რომ ამბობენ, რობიკომ უზრდელური განცხადება გააკეთა, ამის შემდეგ რა განცხადებებიც წავიდა, არ არის უზრდელობა? ბესოს ცოლს, ახლანდელ მეუღლეს შვილები რომ ყავს და მასზე გადავიდა ის ხალხი, იმ ქალზე ძალადობა არ არის? არ არის ეს უბედურება?“, – განაცხადა გოგა ბარბაქაძემ.