გოჩა თევდორაძე - ბრალი თუ დადასტურებულია, გიგი უგულავას პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ კითხვებს ბადებს განაჩენი, რომელიც ახლა დადგა
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ თუ ბრალი დადასტურებულია, თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ, გიგი უგულავას პატიმრობა უნდა შეფარდებოდა.
თუმცა, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რა მოვლენებს ემთხვევა გადაწყვეტილების მიღება.
გოჩა თევდორაძის შეფასებით, განაჩენი, რომელიც უგულავას საქმეზე უკვე მესამედ, ახლა დადგა, კითხვებს ბადებს.
„თუ ბრალი დადასტურებულია, რა თქმა უნდა, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ მთავარია, რა კონტექსტში ხდება ეს, დროის რა მონაკვეთში, რა მოვლენებს ემთხვევა. ის განაჩენი, რაც ახლა დადგა, უკვე მესამედ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე არის რიგი სხვა საკითხები, მაშინდელი სახელმწიფო მბრალდებელი, ამჟამად გვევლინება მოსამართლედ და ბრალდება რასაც ითხოვდა, იმ გააწყვეტილებას თვითონ იღებს. იმდენად ბევრია ასეთი კითხვის ნიშნები, ცხადია, ასეთი შეფასებები მოყვებოდა დასვლეთში, აშშ-ში და ჩვენი ხელისიფლება იმკის იმას, რაც დათესა. ხელისუფლება უნდა იყოს თანმიმდევრული, უფრო ადეკვატური, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური და არათანმიმდევრულია, სწროედ ასეთმა ნაბიჯებმა ხელისუფლება მიიყვანა იმ ზომამდე, რომ საბოლოოდ დაზიანა თავისი თავი, დააზარალა თავისი პოზიციები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ამისთვის საჭიროა, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებზე ხარ და საკითხი ეხება შვიდი წლის წინ აღძრულ საქმეს, ეს პროცესი აღსრულებაში მოგყავს ზისტად იმ დღეებში, როდესაც მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს, ეს არ არის ლეგიტიმური და სწორი გადაწყვეტილება“ ,- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
გოჩა თევდორაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარების მისიის მოწვევით, ხელისუფლება დასავლეთიდან წამოსულ გარკვეულ პროცესებს ვერ შეაჩერებს.
„ვხედავთ, მოკლევადიანი გათვლაა ხელისუფლებისგან, რომ დასავლეთიდან წამოსულ რაღაც პროცესებს დააკავებს. სამი-ოთხი დღე ვერ გაძლო ამ პროცესმა, თითქოს და ის კეთილგანწყობა, რომელიც დაიმსახურეს მათი ვიზიტის შემდეგ, თუმცა იგივე ადამიანებისგან მკაცრი კრიტიკა მოყვა. როდესაც ასეთი მოწვევა ხდება, თუ ის ადამიანები დაადგენენ, რომ უგულავას ბრალი არსებობს იმ საკითხში, რომელშიც მას აქვს ბრალი წაყენებული, ამავდროულად უთუოდ ნახავენ იმ პროცედურულ დარღვევებს, თუ სხვადასხვა საკითხებს, იმ დროსა და სივრცეში აცდენილ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია სასამართლოს მიერ. ხელისუფლებას გასამართლებლად ის არ ეყოფა, რომ ქვეყანაში გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და მისგან დამოუკიდებლად და სამართლიანად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“ ,- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
ამასთან, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.