ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე მიმართვა სავარაუდოდ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე მიმართვა სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა.
ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იქნება როგორც ფრაქციის შექმნის თაობაზე განაცხადი, ასევე ფრაქციების შემადგენლობა.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში შექმნილი ფრაქციების ხელმძღვანელები – გოჩა ენუქიძე და ბიძინა გეგიძე იქნებიან. რაც შეეხება ფრაქციების შემადგენლობას, პირველი არხის ინფორმაციით, ენუქიძის ფრაქციაში დაახლოებით 10-15 დეპუტატის გაერთიანება იგეგმება, რომელთა შორის იქნებიან – ივლიანე წულაია, ზაზა გაბუნია, ედიშერ თოლორაია, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, დიმიტრი მხეიძე.
ამასთან, გეგიძის ფრაქციის წევრთა ვინაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია. პირველი არხის ინფომაციით, გეგიძის ფრაქციის წევრებად მოიაზრებიან – ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. იმ შემთხვევაში, თუ გოდერძი ჩანქსელიანი, ზაზა გაბუნია და დიმიტრი მხეიძე ენუქიძის ფრაქციაში გაწევრიანდებიან, ხოლო ირაკლი აბუსერიძე გეგიძის ფრაქციაში, “ქართულ ოცნებას” ფრაქცია – “მწვანეებისთვის” და “რეგიონული განვითარებისთვის” სხვა დეპუტატების წარდგენა მოუწევს, რადგან გაბუნია, მხეიძე და აბუსერიძე გია გაჩეჩილაძის ფრაქციაში არიან გაწევრიანებული, ხოლო ჩანქსელიანი – კახა ოქრიაშვილის.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო და ოქრიაშვილისა და გაჩეჩილაძის ფრაქციებში სწორედ ექვს-ექვსი დეპუტატია გადანაწილებული.
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ენუქიძისა და გეგიძის ფრაქციები შეიქმნება, უმრავლესობას რვა ფრაქცია ეყოლება, რაც საპარლამენტო საქმიანობისთვის გარკვეულ პრივილეგიას წარმოადგენს, რაშიც სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვილი დრო და აპარატი იგულისხმება.