გლდანში, სამორინეში გაზით მოწამლული ოთხი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია
გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზით მოწამლული ოთხი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. შესაძლოა, ოთხივე მათგანმა კლინიკა დღესვე დატოვოს.
ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს შემოყვანისას აღენიშნებოდათ გულისრევა, საერთო სისუსტე და თავბრუსხვევა. ოთხივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, ტოქსიკოლოგის კონსულტაცია და იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.
„ჩატარდა ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური გამოკვლევები. ამჟამად პაციენტთა მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს მონიტორინგი, დინამიკაში დაკვირვება. ოთხივე ქალბატონს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ. როგორც პაციენტები ამბობენ, იმ მილების შეკეთება მიმდინარეობდა, სადაც ბუნებრივი აირი გადის და გაჟონვის შედეგად მოხდა ინტოქსიკაცია. ოთხივე მათგანი არიან სამორინეს თანამშრომლები“, – განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ექიმმა ლალი გაბაიძემ.
გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზით რამდენიმე ადამიანი დღეს მოიწამლა. „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ სამორინეში ბუნებრივი აირი გაზსადენის დაზიანების შედეგად მოხვდა.