„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ გლდანის სამორინეში, სადაც რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, ბუნებრივი აირი გაზსადენის დაზიანების შედეგად მოხვდა
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ გლდანის სამორინეში, სადაც რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, ბუნებრივი აირი გაზსადენის დაზიანების შედეგად მოხვდა

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში, სადაც რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, ბუნებრივი აირის გაზსადენის დაზიანების შედეგად, სავენტილაციო სისტემის გავლით მოხვდა. ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენი ერთ-ერთმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დააზიანა.

„გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ სავარაუდოდ მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი შევიდა კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“, – აღნიშნავენ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა ხალხის ევაკუაცია და შენობების განიავება.

„ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოების მისი დასრულებისთანავე დაიწყება. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზის მიწოდების აღდგენა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზით რამდენიმე ადამიანი დღეს მოიწამლა.