ბუნდესლიგის მე-13 ტურში ქვეყნის ჩემპიონისა და ლიდერის “ბაიერნის” შთამბეჭდავი სერია შეწყდა. მიუნხენელებს ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ ცხრა გამარჯვება ჰქონდათ, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდის ეს სვლა მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” შეაჩერა.
შაბათის სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში “ბორუსია-პარკზე” “გლადბახმა” პირველ ტაიმში თითქმის თანაბარი ბრძოლა გაუმართა “ბაიერნს”და ორი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა: ჯერ ტორგან აზარმა პენალტით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მატიას გინტერმა ორამდე გაზარდა მასპინძლების უპირატესობა.
მეორე ტაიმში “გლადბახს” შეტევაზე არც უფიქრია. ბურთის ფლობა: 24%-76%, დარტყმების შეფარდება: 1-13 (ზუსტი დარტყმები: 0-5) – ასეთი უპირატესობა ჰქონდა “ბაიერნს” მეორე ნახევარში, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. 74-ე წუთზე არტურო ვიდალის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მეორე ტაიმში და “ბაიერნმა” 1:2 წააგო.
მარცხის მიუხედავად, ჰაინკესის გუნდი ლიდერობს ბუნდესლიგას, მაგრამ მასთან სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა “ლაიპციგმა”.