„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტებიც შევლენ
მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ მიმდინარე კვირას შეიქმნება.
როგორც პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში უმრავლესობის წევრების გარდა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები შევლენ.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფს შესაბამისი კანონპროექტი მომზადებული რამდენიმე კვირაში ექნება, რაც მოგვიანებით სასესიო განხილვაზე გავა.
„ამ პროექტის არსი დაახლოებით იქნება პრევენცია იმ დანაშაულების, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ამ მიმართულებით სანქციები გამკაცრდება”, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.