გიორგი ვოლსკი - შესაძლებელია, რომ უზენაესი სასამართლო მთლიანად არ დაკომპლექტდეს
რეალურად, შეიძლება, მოხდეს კიდეც, რომ უზენაესი სასამართლო მთლიანად არ დაკომპლექტდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ვენეციის კომისიას ჰქონდა წინადადება, არა სამართლებრივი, არამედ კეთილი სურვილი, რომ იქნებ, მთლიანად არ დააკომპლექტოთ უზენაესი სასამართლოო. ეს არ არის სამართლებრივი ნაწილი. ამას კანონში ვერ შეიტან. იქნებ, მეთვრამეტე კაცია ვარსკვლავი, ან მეჩვიდმეტე, ან მეათე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რჩება თუ არა ეს საკითხი ღიად და შესაძლებელია თუ არა, მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციები გაიმართოს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებს ვერ გამართავ, რადგან ეს მოთხოვნა კანონის ენით ვერ გადმოითარგმნება, მაგრამ რეალურად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ ორი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლო 28 წევრამდე ვერ შეივსოს.
„იმიტომ, რომ პარლამენტია კიდევ ერთი მთავარი ბარიერი, რომელიც უნდა გაიაროს და რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს, ვისზე მსჯელობენ, როგორ აფასებენ, რა პოზიციები აქვს უმრავლესობა-უმცირესობას და ხალხი აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, 2020 წელს როგორ უყაროს კენჭი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.