გიორგი ვაშაძე - პირდაპირ გეტყვით, აბსურდის თეატრია, ტყუილ-მართალი ადამიანმა ვეღარ გაარკვია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია თუ არ დადასტურდა, ეს იქნება უმძიმესი ტყუილი.
ვაშაძემ ამომრჩეველს მიმართა და მოუწოდა, ხვალინდელ დღეს, არჩევნებზე უარი უთხრას ორპოლუსიანობას.
„აბსურდია, აბსურდის თეატრია, პირდაპირ გეტყვით. ტყუილ-მართალი ადამიანმა ვეღარ გაარკვია. მე პირდაპირ მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოვფხიზლდეთ, ჩემო კარგებო, წავიდეთ ხვალ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ ამ ორპოლუსიანობას, თავპირის მტვრევას, დაპირისპირებას და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება, ნორმალურ ქვეყანაში. ეს არის ჩვენს ხელში. რაც უფრო მეტად მოვექცევით ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო უარესი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე.
ძალიან მძიმეა ჩემთვის სათქმელად, მაგრამ თუ ეს ტყუილია, ეს არის უმძიმესი ტყუილი, ამასაც პასუხი უნდა გაეცეს ხვალინდელ დღეს. ის, რომ ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია, ფაქტია. მხარი დაუჭირეთ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“, შემოხაზეთ ნომერი ერთი და იცხოვრეთ ნორმალურ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შსს-ის ინფორმაციით, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.