მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული

გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც და ყველანაირი მუქარის მიუხედავად, ჩამოვედი, ბოლომდე თქვენთან ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეო გაავრცელა.

„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი, ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესადაც წამომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, და ჩამოვედი აქ, მიუხედავად ყველანაირი მუქარისა. მინდა, გთხოვოთ შემდეგი რამ, 2-ში მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპათიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, მისცეთ ხმა. მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნიკა მელიას, ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ, 2-ში ხმას ვითვლით და 3-ში ვიკრიბებით, თავისუფლების მოედანი უნდა გავავსოთ. როდესაც ვიქნებით 100 ათასი კაცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იქნება. მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მორჩა ის, რომ ხალხს აგდებენ ქვეყნიდან. 50 პროცენტით გაიზარდა აპლიკანტთა რაოდენობა ევროკავშირის მონაცემებით. ეს უნდა დასრულდეს. ამ ბულვარს, ამ სილამაზეს, რუსი ტურისტებისთვის, თურქებისთვის, ირანელებისთვის კი არ ვაკეთებდი, ეს ყველაფერი იყო თქვენთვის, თქვენი წარმატებისთვის. არ მინდა, ეს ვინმე სხვას დარჩეს. ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ, ბოლომდე თქვენთან ვარ. მორალურად არა, ბათუმში ვარ და თბილისში ვიქნები თქვენთან ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ამასთან, მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.