გიორგი ტყემალაძე - ტაქსების რეგულაციებით თბილისელების კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას დედაქალაქში ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვანი და დროულია. რეგულაციების შედეგად, თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, დაცულად იგრძნოს თავი. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და შეღავათების დაწესებაზე მუშაობს. ასევე, მათთვის სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსი ერთიანი ვიზუალით იმოძრავებს. სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები კი ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ. ეს სიახლეები ჩვენი ქალაქისთვის აუცილებელია, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტის ხარისხი გაუმჯობესდება და კომფორტული იქნება. იმედია, ტაქსის მძღოლები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.