გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან ზურაბ აბაშიძესთან და თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2022“- ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა მრავალფეროვანი, მასშტაბური და ძალიან საინტერესო იქნება.
„მინდა, ყველას მივულოცო თბილისობის დღესასწაული. წელს თბილისობა სრულიად განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება. თბილისის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, თბილისელები და ჩვენი ქალაქის სტუმრები კმაყოფილნი იქნებიან“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევსა და რიყის პარკში „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები, ინსტალაციები, სამეწარმეო ბაზრობა დაათვალიერა. საკრებულოს წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ტრადიციულ კუთხეებს გაეცნენ. საზეიმო ღონისძიებები, ლეღვთახევსა და რიყის პარკში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე მიმდინარეობს.
ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.