გიორგი ტყემალაძე - ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ დღეს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს. გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ოპონენტები საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს უსაფუძვლოა.
„როგორც დღეს თბილისის მერმა განაცხადა, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და თბილისელებს მოემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ, ახალი კონცეფციის თანახმად, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების შემუშავების პროცესში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგვიწევს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განხილვების შედეგად აუცილებლად მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო მდგომარეობასაც შეეხო და ამ კუთხით ტერიტორიის მოწესრიგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ახალი კონცეფციის თანახმად, არსებული არეალისთვის განაშენიანების საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ.